სამწუხაროდ ბოლო დროს საქართველოში წესად იქცა, რომ ფაქტიურად ყველა კუთხეში დაბალი ხარისხის "რეპლიკა" ან "ფეიკი" ბოტასები იყიდება, რომელიც გამყიდველთა თქმით ვითომდა არაფრით არ ჩამოუვარდება ორიგინალს, დამზადებულია თითქმის ერთსა და იმავე ქარხანაში ღამის ცვლაში და ა.შ. ზოგი კი საერთოდ ცდილობს დააჯეროს მყიდველი, რომ მისი სპორტული ფეხსაცმელი 100% ორიგინალია.
სამწუხაროდ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი სიცრუეა, რითაც მოტყუებული საზოგადოება უკანონო საქმიანობით დაკავებულ თაღლითებს კვებავს. ამასთან არსებობს უამრავი ადამიანი, ვინც განზრახ ყიდულობს ყალბ სპორტულ ფეხსაცმელს. ისინი ფიქრობენ, რომ ნაღდს და ყალბს შორის ფასის გარდა არანაირი სხვაობა არ არის და რომ ორივეს ერთ სეზონზე გაძვრება ძირი. ამიტომ რატომ უნდა გადაიხადონ ზედმეტი? - რას ვიზამთ, ეს მცდარი შეხედულება მათი არჩევანია, მაგრამ აქ კარგი იქნება გავიხსენოთ ცნობილი ფრაზა: ”მე არც ისეთი მდიდარი ვარ, რომ იაფი ნივთები ვიყიდო”.
როგორ განვასხვაოთ Adidas–ის ორიგინალური სპორტული ფეხსაცმელი ყალბისგან
მეტი სიცხადისთვის განვიხილოთ ადიდასის ერთ-ერთი მოდელი.
გაითვალისწინეთ, რომ ადიდასმა საკუთარი წარმოება უკვე დიდი ხანია გადაიტანა მესამე ქვეყნებში, სადაც შრომითი ანაზღაურება გაცილებით დაბალია ვიდრე გერმანიაში, ამიტომ მწარმოებელი ქვეყანა ეტიკეტზე შეიძლება ეწეროს: ჩინეთი, ვიეტნამი, ინდონეზია და სხვა. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ბოტასი ყალბია და მასში ეჭვი უნდა შევიტანოთ.
ქვემოთ არსებულ ფოტოებზეე ჩანს ამ მოდელის მარცხენა და მარჯვენა წყვილის ენაზე (ან შიდა გვერდზე) დატანილი ეტიკეტი, სადაც მონიშნულია ხუთი ჩვენთვის საინტერესო კოდი.
1 - ქარხნის ნომერი EVN 791001 (იგივეა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხსაცმელზე);
2 - წარმოების თარიღი (თვე / წელი) 10/17 (იგივეა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხსაცმელზე);
3 - არტიკული CM7725 (იგივეა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხსაცმელზე, იარლიყზე და ყუთზე);
4 - ფეხსაცმლის უნიკალური ნომერი (მარცხენა ფეხსაცმლის უნიკალური ნომერი განსხვავდება მარჯვენასგან).
5 - პარტიის ნომერი # 118904231 (იგივეა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხსაცმელზე, იარლიყზე და ყუთზე).
როგორც ხედავთ, ფეხსაცმლის უნიკალური ნომერი ორივე წყვილზე განსხვავებულია. მარცხენას ნომერი მთავრდება 139-ით, მარჯვენას - 182-ით რაც უკვე მიანიშნებს, რომ ეს არის 99.9% ორიგინალი ბოტასი. სხვადახვა ციფრები გამოწვეულია იმით, რომ ადიდასი მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმელს კერავს სხვადასხვა ქარხანაში, პროდუქციის ქურდობის თავიდან ასაცილებლად.
ეხლა განვიხილოთ ბოტასის ერთ-ერთ წყვილზე მიმაგრებული იარლიყი
3 - არტიკული CM7725 (იგივეა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხსაცმელზე, იარლიყზე და ყუთზე);
5 - პარტიის ნომერი # 118904231 (იგივეა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხსაცმელზე, იარლიყზე და ყუთზე).
6 - შტრიხ-კოდი 4059323160935 (იგივეა იარლიყზე და ყუთზე).
იარლიყის მარჯვენა ზედა კუთხეში ვხედავთ RFID-ის ნიშანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის თანამედროვე ტიპის იარლიყი, რომელშიც ჩამონტაჟებულია სპეციალური ჩიპი.
თუ იარლიყს შუქზე გავხედავთ უნდა დავინახოთ ისეთი სურათი, როგორიც ქვემოთ ფოტოზეა ნაჩვენები.
ჩიპის არსებობა იარლიყზე ხელის წასმითაც შეიძლება შევიგრძნოთ. ჩიპი აუცილებლად უნდა იყოს იარლიყის შიგნით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მიკრული გარედან.
RFID ჩიპის საშუალებით მცირდება ადამიანის ფაქტორის გამოყენება, რაც ეხმარება ქარხანას, საწყობს და მაღაზიებს თვალი ადევნონ ადიდასის თითოეული პროდუქციის გადაადგილებას და დასაწყობებას რეალურ დროში.
ეხლა მიმოვიხილოთ ადიდასის ბოტასის ყუთი
3 - არტიკული CM7725 (იგივეა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხსაცმელზე, იარლიყზე და ყუთზე);
5 - პარტიის ნომერი # 118904231 (იგივეა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხსაცმელზე, იარლიყზე და ყუთზე).
6 - შტრიხ-კოდი 4059323160935 (იგივეა იარლიყზე და ყუთზე).
მოკლე დასკვნა ასეთია:
პირველი და მთავარი სანდო მეთოდი ნაღდი და ყალბი ადიდასის ბოტასების ერთმანეთისგან განსხვავებისთვის არის, რომ ფეხსაცმლის უნიკალური ნომერი (4) აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. თუ უნიკალური რიცხვები ემთხვევა, მაშინ ის 100% ყალბია! თუ უნიკალური რიცხვები განსხვავებულია, ეს არის 99,9% ორიგინალი! არა 100%, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ასევე დააკვირდით სხვა ციფრებსაც და შეადარეთ ისინი ერთმანეთს როგორც ზემოთ აგიხსენით. სინათლეზე გახედოთ იარლიყსაც. (თუ ფეხსაცმელი 2017 წელზე უფრო ძველი მოდელია, დიდი ალბათობით მას განსხვავებული იარლიყი ექნება და ამან არ დაგაბნიოთ).
ჩვენი რჩევაა შეიძინოთ ორიგინალი ფეხსაცმელი. ის დამზადებეულია საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით რაც ბოტასის კომფორტულობის და ხანგრძლივი მოხმარების გარანტიაა.